გონიოს ციხესიმაგრე

გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს ისტორიული ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით.
გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.